ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოდან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმა. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებულზე მეტმა კაცმა მიიღო. ასეთი სულ 23 უბანია. მათგან 6 უბანზე თეორიულად გამორიცხული შემთხვევებიც ფიქსირდება.

დავუშვათ, რომ 26 ოქტომბერს ბაკურიანის მე-11 საარჩევნო უბანზე ხმა სიაში რეგისტრირებულმა ყველა კაცმა ამომრჩეველმა მისცა და ჩავთვალოთ, რომ სპეციალურ სიაში მითითებული რვავე ამომრჩეველიც კაცია. ამ თეორიული დაშვების შემთხვევაშიც, აქტივობა 15%-ით ანუ 77 კაცით მეტი გამოდის.

17 კაცი ამომრჩევლით მეტი მივიდა ყვარელში, სოფელ სარუსოში მოწყობილ მე-11 საარჩევნო უბანზეც.როგორ მისცა ხმა არჩევნებში იმაზე მეტმა კაცმა, ვიდრე უბანზე რეგისტრირებული იყო, ამ კითხვაზე პასუხი კომისიის თავმჯდომარისგან ვერ მივიღეთ.

660- ის ნაცვლად 673-მა კაცმა მისცა ხმა სამტრედიაში, მე-18 საარჩევნო უბანზე. 10 კაცით ზედმეტია დაფიქსირებული წყალტუბოს 21-უბანზე. პასუხები ვერც წყალტუბოს საოლქო კომისიაში მივიღეთ. 

39 კაციანი სხვაობაა ნინოწმინდაში, მე-15 უბანზე. ხუთი კაცით მეტი მივიდა ადიგენში, სოფელ  დერცელში მოწყობილ მე-11 საარჩევნო უბანზე.


„მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან.
11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში“
- ასე ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსს. თუმცა ის, რასაც ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი მცირედ ცდომილებას უწოდებს, კითხვებს აჩენს გაყალბების მანიპულაციებთან დაკავშირებით.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკოს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ და შემდგომ მათთვის მიწოდებულ მონაცემებს შორის ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა. ეჭვი ჩნდება, რომ თავდაპირველი მონაცემებით დისბალანსი უფრო მეტ უბანზე იქნებოდა გამოხატული.

ცესკოს მონაცემების დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  ათობით უბანზე კაც და ქალ ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლები ერთმანეთისგან არაბუნებრივად განსხვავდება. მაგალითად, 62 უბანია ისეთი, სადაც რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების 80%-ზე მეტი გამოცხადდა კენჭისყრაზე, მაშინ, როცა ამავე უბნებზე ქალების აქტივობის მაჩვენებელი 57%-მდეა. მართალია, საქართველოში არის ოლქები, სადაც, ტრადიციულად, კაცების აქტივობა უფრო მაღალია, თუმცა, როცა განსხვავება 20-30% , ან უფრო მეტია, ეს ეჭვებს აჩენს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

წლევანდელ არჩევნებში დაფიქსირებული  გენდერული სხვაობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის პირობებში, საინტერესოა, რომ კაცებთან შედარებით ბევრად მეტი ქალი მივიდა არჩევნებზე 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურში კენჭისყრაში მონაწილეობა 290 931-მა ქალმა და 274 711-მა კაცმა მიიღო.

ქალების აქტივობა უფრო  მაღალი იყო 2024 წლის არჩევნებზე კვლევითი კომპანია HarrisX-ის ეგზიტპოლის მონაცემებითაც. “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემებით შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულ 10 300 ამომრჩევლიდან  53,1% ქალი იყო , 46,9% კი კაცი. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი