საია ლონდონის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და ხელახალ დათვლას ითხოვს | ცესკოში დარღვევების განხილვა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.   საარჩევნო ადმინისტრაციაში კოალიციების  "ძლიერი საქართველოსა" და  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და ასევე ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრებს განიხილავენ, რომელიც არჩევნების ტოტალური გაყალბების, ამომრჩევლების დაშინების, მოსყიდვის და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, 73 ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ითხოვს, რომ გაუქმდეს ლონდონის უბნის შემაჯამებელი ოქმი, იმ მიზეზით, რომ ამ უბანზე ოქმის შევსება ორჯერ მოხდა. პირველ ოქმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ იყო მითითებული, მეორე ოქმში კი აღნიშნული მონაცემები შეტანილი იყო, თუმცა არ ახლდა განმარტება, რამდენი ხნის შემდეგ მოხდა მისი შევსება. ამავე უბანზე ოპოზიცია ითხოვს, რომ ხელახლა გადაითვალონ ხმები.

"როდესაც ჩვენ შემაჯამებელი ოქმების შემოწმება დავიწყეთ, ატვირთული იყო სხვა შემაჯამებელი ოქმი, სადაც არ იყო განსაზღვრული თუ კენჭისყრის დროს რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად ჩვენს მიერ ვერ დადგინდა ბალანსი პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობასა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ტოლი იყო თუ არა არჩევნების პროცესში მონაწილე რაოდენობისა. შემდეგ აიტვირთა ოქმი, რომელშიც განსაზღვრული იყო რაოდენობა, მაგრამ თან არ ახლდა კომისიის განმარტება. ამიტომ ბუნდოვანია ჩვენთვის აღნიშნული საკითხი და ამიტომ არის სარჩელი წარმოდგენილი," - განაცხადა საიას წარმომადგენელმა.

ცესკოს წარმომადგენლის თქმით, სარჩელს დასაბუთება აკლია და მომჩივანი მხარე ტერმინებს ურევს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო ჯერჯერობით უცნობია, საიას სარჩელების შემდეგ ცესკო ოპოზიციის საჩივრების განხილვას დაიწყებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი