საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტმა, დავით ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოები დასამუშავებლად შვილს გადაუგზავნა. პროკურატურამ ფურცხვანიძე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე უკვე დააკავა.
დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ფურცხვანიძის შვილმა ჯ.ფ-მ ფოტოები დაამუშავა და მამას უკან ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა. პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და სხვა პრიების ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი სამართალწარმოება დაიწყება.
ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.
პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას აპირებს, რისთვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვს. ამ მიზეზით, პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.