აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება; თვალს ვერ დავხუჭავთ და ვერ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას | მიჰკელსონი

გამოქვეყნდა:

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ახლოსაც არ იყო ევროპულ სტანდარტებთან: 

"დიახ, აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის, რაც უკვე ცნობილია ქართველებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მანამდე კი ჩვენ ყველამ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს განსაკუთრებით ცუდია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ასე რომ, ფაქტები ცნობილია და მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ევროკავშირმა აღიაროს ის, რაც ჩვენ დავინახეთ. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არჩევნები ახლოსაც არ იყო იმ სტანდარტთან, რომელიც მოეთხოვება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. თუ მმართველი პარტია ხალხს ეუბნება, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს, მაშინ ეს არჩევნები ამ გზას კეტავს.

ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი სიგნალია ჩვენი დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი თბილისში. აქ არიან ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს და გაერთიანებულები არიან ერთი იდეის გარშემო, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა. თუმცა ასევე აქ ჩამოვედით იმ დიდი პრობლემის გამო, რომელსაც დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა ეწოდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა მოლდოვაში, ისიც ვიცით, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ საფრთხეში არის არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენ ყველანი. ამიტომ, ჩვენ ამ პრობლემას ვერ დავემალებით, თვალს ვერ დავხუჭავთ და ვერ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას. ამ აზრს ჩვენი დელეგაციის ყველა წევრი იზიარებს." განაცხადა მიჰკელსონმა. 

შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან. ისინი ჯერ პრეზიდენტს შეხვდნენ, შემდეგ პროდასავლური ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ. აქცია 19 საათზეა დაანონსებული. "ქართულმა ოცნებამ" ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი