კურორტ გოდერძის წყალმომარაგების 7 მილიონიან ტენდერში "ოცნების" დელეგატის და მსხვილი შემომწირველის კომპანიამ გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძის) წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ქსელის სამშენებლო სამუშაოებისთვის 7 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი ოქტომბერში იყო გამოცხადებული და გამარჯვებულიც უკვე გამოვლენილია.

კურორტ გოდერძის წყალმომარაგების ტენდერში 6 ნოემბერს გაიმარჯვა შპს "გზამ", რომლის დირექტორი მალხაზ დუმბაძეა, 100%-ის მფლობელი კი  გიორგი ჭყონია.

კომპანია "გზა" ტენდერებში ადრეც მონაწილეობდა და მთლიანობაში 100 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. განხორციელებული აქვს 30 გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულებაც 9.5 მილიონია.

კომპანიის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში "ოცნებისთვის"  535 000 ლარი აქვთ შეწირული.  მათ შორის მიმდინარე წელსაც წინასაარჩევნოდ. 2024 წლის ივლისში მალხაზ დუმბაძემ "ოცნებას" 15 000 ლარი, გიორგი ჭყონიამ კი 50 000 ლარი შესწირა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ჭყონია "ქართული ოცნების" დელეგატი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დელეგატად დასახელების შემდეგ მისი ბიზნესწილების მმართველი ჯიმშერ ზოიძე გახდა, რომელიც ასევე "ოცნების" შემომწირველია.

გიორგი ჭყონიას ათეულობით კომპანიაში აქვს ბიზნესწილები. მისი ბიზნესპარტნიორია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა. ისინი ფლობენ შპს "თაუერ გრუფი ურეკის" წილებს. (60%კუჭავა 40% ჭყონია) .

გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია “ქართუ ჯგუფის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაურიც. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები - შპს „კრიპტომ ჰოუმი” და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი”. „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტის” წილების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები მიხაილ მარტინოვი 51% და ვიქტორია რომანოვა 19% ფლობენ.  10-10%-ს კი ალა კახნიაური, ზურაბ კიკნაძე და გიორგი ჭყონია.

ქობულეთის ოლქში, სადაც დელეგატად გიორგი ჭყონია იყო წარდგენილი, ოცნებამ 62% მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი