"ოცნების" პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს | ოპოზიცია სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო-ს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს და ამტკიცებს, რომ ლეგიტიმაცია "ოცნების" არალეგიტიმურ პარლამენტს არ ექნება. ერთიანობაა იმ ნაწილში, რომ "ოცნების" პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს. თანხმდებიან იმაზეც, რომ ამ ბრძოლაში პარტნიორების ქმედებები იქნება ანგარიშგასაწევი და ბრძოლის მთავარი ხაზი ისევ ქუჩის პროტესტზე გადის.

"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო სიის ყველა წევრი უარზეა, გახდეს პარლამენტის დეპუტატი და შევიდეს "ქართული ოცნების" არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკოსებმა ინდივიდუალური განაცხადები გააკეთეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიიდან ჩახსნის მოთხოვნით მიმართეს.განაცხადის გაკეთებისთანავე დაადასტურეს, რომ დაბრკოლებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ელოდნენ, თუმცა ისიც პირდაპირ თქვეს, რომ ამ ნაბიჯს რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაიმეორებენ.

იგივე განაცხადი მოვისმინეთ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც. სიის ჩახსნას ეს პოლიტიკური გაერთიანებაც ითხოვს და მიმართავს "ოცნებას" - ნუ გააგრძელებენ კანონსმიღმა გზებით სვლას, რადგან არავის აქვს უფლება პარლამენტში პოლიტიკოსი იძულებით შეიყვანოს და დაარქვას დეპუტატი, თუ მას ამის სურვილი არ აქვს. 

"ძლიერი საქართველოს" ერთიანი პოზიცია ჯერ გაუგებარია. სოციალურ ქსელში ამ გაერთიანებამ მხოლოდ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რომ მათი რამდენიმე წევრი ინდივიდუალურ განცხადებას წერს და დეპუტატობაზე უარს ამბობს, თუმცა რას აპირებს მთლიანი კოალიცია არ ვიცით. ვიდეოს დეტალები არ მოჰყოლია.

ოპოზიციის კრიტიკას განაგრძობს პარტია "გახარია საქართველოსთვის". იქ კოლეგების ნაბიჯს პოპულიზმი უწოდეს და დაამატეს რომ რეალური გეგმა ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის მათ აქვთ.

დღის ბოლოს ცესკომ მოკლე ვიდეო-კომენტარი გაავრცელა. საარჩევნო ადმინისტრაცია უარზეა პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სიები ჩახსნას. ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი