ევროპელმა პოლიტიკოსებმა დამკვირვებლებისგან მოისმინეს, როგორ მოიპარა "ოცნებამ" არჩევნები | სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების დასანქცირებას ელის

გამოქვეყნდა:

"თუ კი თქვენ არ იქნებით თანმიმდევრულები, მკაცრები და ძალიან ცხადები ჩვენ ისევ გვშთანთქავს რუსეთი, თორემ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ახლა ეს თქვენი ბრძოლაც არის", - ამ სიტყვებით მიმართა ლაშა ბუღაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, როდესაც ევროპელი პარლამენტარები დღის ბოლოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამკვირვებლებს შეხვდნენ. ლაშა ბუღაძემ ქვეყნის მეგობრებს შეახსენა 2008 წელი, ყირიმის ანექსია და უკრაინა, რომელიც რუსული აგრესიის პირდაპირი მსხვერპლი დღესაცაა. გამოსვლის ბოლოს, ევროპელ ლიდერებს მოუწოდა პასუხისმგებლობის აღებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირებისაკენ.

შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა თავად მოუსმინეს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თვალით ნახეს 26 ოქტომბერს, როგორ მოჰპარა "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს მომავალი. დამკვირვებლებმა დეტალურად აუხსნეს რა მასშტაბის გაყალბებას ჰქონდა ადგილი. როგორ გახდნენ სუსის მიერ მართული ე.წ ძველი ბიჭებისა და ცესკოს კომისიის წევრების მხრიდან აგრესიის, მუქარისა და ძალადობის მსხვერპლნი. 

დარღვევების მოყოლის პარალელურად, მოქალაქეებმა ევროპელ ლიდერებს უამბეს, რომ ხალხის ნაწილი ახლა იმედგაცრუებულია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა სწორედ მათი მხარდაჭერაა. არც ის დაუმალავთ, როგორ აშინებს და ემუქრება ოცნება საჯარო მოხელეებს აქციებზე გასვლის შემთხვევაში.

შეხვედრაზე მყოფ ხალხს სიტყვით მიმართეს ევროპელმა ლიდერებმაც. მთავარი მოწოდებაა დემოკრატიისთვის ბრძოლა, რომ საბოლოოდ ქვეყანა ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები მოსმენილით შოკირებულები იყვნენ. მათთვის კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, როგორ მოიპარეს ქართველი ხალხის არჩევანი 26 ოქტომბერს. მათგან ახლა სამოქალაქო საზოგადოება თანმიმდევრობასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. მათ შორის  საბოლოოდ სანქციებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი