სასამართლოში საარჩევნო დარღვევების სარჩელების განხილვა გრძელდება | ცესკომ პროცესის დაწყებისას ახალი მტკიცებულებები წარადგინა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება. დღეს, სასამართლო, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელებს გაერთიანებულად განიხილავს. 

სასამართლო პროცესის დაწყებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტებმა პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეული სახის მტკიცებულებები გადასცეს, რისი გაშიფვრის მიზნითაც პარტია "ლელოს" წევრმა შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 

"მიტაცებული სასამართლოს პირობებში, ბუნებრივია, ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პირველი ინსტანციის ერთი მოსამართლე, რომელსაც ეყო გამბედაობა და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე. ამიტომ სიმართლის თქმის შანსი აქვს, მათ შორის, ივერი აბაშიძეს. ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის, კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა. სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. 

ცესკომ სრულიად უკანონოდა და საკონტრაქტო პირობების დარღვევით Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ, დღეს, ჩვენ სასამართლოზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მარკერი ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

საიას პოზიციით, მათი დამკვირვებლების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად არ უნდა ხდებოდეს. ორგანიზაციის იურისტის ნინო ხუციშვილის განცხადებით, სარჩელების შინაარსიდან გამომდინარე უფრო სწორი და სამართლებრივად გამართული იქნება, რომ საიას სარჩელი დამოუკიდებლად ყოფილიყო განხილული.

"საიას სარჩელი ეფუძნება ფარულობის დარღვევას, რაც განსხვავებული სარჩელი არის სხვა პოლიტიკური პარტიების სარჩელიდან გამომდინარე, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დროის ეფექტურობიდან გამომდინარე და თვითონ შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე უფრო სწორი და სამართლებრივად გამართული იქნება, რომ საიას სარჩელი დამოუკიდებლად იქნას განხილული, სხვა პოლიტიკური ერთეულების სარჩელებისგან გამიჯნულად.

ჯერ-ჯერობით იყო მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომელიც დააკმაყოფილა სასამართლომ. ეს შეეხებოდა შესაგებლის განხილვიდან გამომდინარე პროცესის ერთი საათით გადადებას იმიტომ, რომ ცესკომ პროცესის დაწყებისას წარადგინა შესაბამისი შესაგებელი და მასალა არის საკმაოდ უცნობი," - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი