"იყო ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა დამკვირვებლებზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა... არ შეგვიძლია, ამ არჩევნებს სამართლიანი დავარქვათ. ვფიქრობ, ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების შემდეგ, "მთავარ არხთან" საუბრობს.
"მე პირადად ვიყავი ლაგოდეხში, თელავში, ასევე თბილისში და ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ასეთი ქმედებები. მე ვნახე, რომ მარკირების სითხეს ან არ იყენებდნენ, ან მოჩვენებითად იყენებდნენ, იყო ბიულეტენების ჩაყრა, ჩვენ ვნახეთ ძალადობა საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ და ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამას დაუმატეთ თვეების განმავლობაში ამომრჩევლების დაშინების კამპანია, ისევე როგორც ამომრჩევლების მოსყიდვა და სხვა ქმედებები და სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი დავარქვათ.
ამ ყველაფერზე ევროკავშირის ეფექტური პასუხი შეიძლება იყოს ორი მთავარი რამ: პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ ბრალდებების სათანადო და გამჭვირვალე გამოძიება. ეს მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეუთო უკვე ატარებს თავის კვლევას, მაგრამ საჭიროა მეტი. მეორე, თუ დავადგენთ, რომ მართლაც იყო მანიპულაციები, უნდა იქნას დაწესებული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დამნაშავეა. ასევე უნდა იყოს დისკუსია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ევროპაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უმტკიცებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს, მაგრამ ისინი რეალურად საპირისპიროს აკეთებენ. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რას აკეთებს სინამდვილეში მათი ხელისუფლება, რომ ეს გზა მიდის არა ევროპისკენ, არამედ დიდი ალბათობით რუსეთისკენ.
ბევრი ევროპარლამენტარია, ვინც უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბრობს, მაგრამ მე ამის მომხრე არ ვარ, იმიტომ რომ ეს დააზარალებს ძირითადად იმ ადამიანებს, ვისაც ხმა არ მიუცია ამ მთავრობისთვის. ამიტომ, მათ წინააღმდეგ წასვლა არ არის კარგი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ჩვენ ინდივიდუალური საქნციები გვჭირდება", - ამბობს გრეგოროვა.