ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერად არჩევიდან ერთ თვეში მერიის დახმარებით დედას მიწა გაუფორმა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 849 კვმ მიწის ნაკვეთი ქეთევან გაგნიძემ 2021 წელს მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით უსასყიდლოდ გაიფორმა. ტერიტორია, რომელიც გორში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახის სხვა საკუთრებებს ესაზღვრება, გორის ყოფილი მერის ოჯახს ტერიტორიაზე 20-ზე მეტი სახელოსნო აქვს გახსნილი.
დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის გაფორმება ყოფილი მერის დედამ მხოლოდ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აღიარების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტით შეძლო. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენამდე, საჯარო რეესტრმა ვერ მოახერხა არქივებში ისეთი ჩანაწერის მოძიება, რომლითაც მიწის ნაკვეთზე გაგნიძისთვის საკუთრების უფლების აღიარებას შეძლებდა. დოკუმენტს ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს. ის გვიმტკიცებს, რომ დეტალები აღარ ახსოვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიწის გადაცემა კანონიერად მოხდებოდა.
2021 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ ამავე მიწის მეზობლად კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. დოკუმენტების თანახმად, მან მიწა ხვიჩა საბაშვილისგან იყიდა. როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, 850 კვ.მ ფართობის ნაკვეთში 1 000 ლარი გადაიხადეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ნაკვეთის ღირებულება 100 000 დოლარზე მეტია. ბოლო ცნობებით, მიმდებარე ტერიტორიაზე ხინჩეგაშვილებს საკუთრებაში 8 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვთ.