"საქართველოს მარში" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას, 17 ნოემბერს, ქართველი ემიგრანტები ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისთან გამართავენ. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები
სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს რუსეთის საკონსულოსკენ მსველობით გააპროტესტებენ.
"17 ნოემბერს, ქართველი ემიგრანტები ვიკრიბებით ჩვენი იმ თანამოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც ახლა საქართველოში არიან და შეუპოვრად იბრძვიან იმ დემოკრატიული მომავლისთვის, რომელსაც იმსახურებენ. ეს მარში, რომელიც გაეროს სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გეზს რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოს მიმართულებით აიღებს, არის მშვიდობიანი, მაგრამ უტეხი და ძლიერი პროტესტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ცალსახა მანიპულირების წინააღმდეგ, რომელიც პრო-რუსულმა მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მოგვპარა.
მმართველმა პარტიამ ხალხის ნება მიიტაცა, ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და საქართველო დააშორა მის სწორ, დამსახურებულ გზას, რომელიც თავისუფლებისა და პროევროპული მომავლისკენაა მიმართული. მათ გვიღალატეს ყოველი იმ ხმით, რომელიც დააიგნორეს, მოიპარეს, ან ჩაახშეს. გვიღალატეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა შევძელით ხმის მიცემა და შემდგომ მისი დაცვა, მიუხედავად მთავრობის მიერ აღმართული ყველა დაბრკოლებისა. ახლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ერთგვარი პრივილეგიაა, აქ ვიყოთ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ჩვენს სამშობლოში იბრძვიან.
ეს მარში არაა მხოლოდ მოპარულ არჩევნებზე - ესაა ჩვენი საერთო ბრძოლა საქართველოსთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებებისთვის, როგორებიცაა თავისუფლება და სამართლიანობა. ესაა ბრძოლა დემოკრატიულ ერებს შორის ჩვენი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად. ესაა წინააღმდეგობის გაწევა ავტორიტარული გავლენებისთვისა და კორუფციისთვის და ურყევად დგომა ისეთი მომავლისთვის, სადაც ყველა ქართველს აქვს ხმა.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც დემოკრატიისა და სამართლიანობის გჯერათ - შემოგვიერთდით, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ყველას ცნობადობა გავზარდოთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის სულისკვეთების ჩახშობა შეუძლებელია.
**თარიღი:** 17 ნოემბერი
**დრო:** დღის 12:00 საათი
**საწყისი წერტილი:** Dag Hammarskjold Plaza (224 E 47th St, New York, NY 10017)" - წერია განცხადებაში.