შავი ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში | ყველაფერი, რაც დღეს ცესკოს სხდომაზე და მის გარეთ ხდებოდა

გამოქვეყნდა:

ერთი ოპოზიციონერის პროტესტის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი თავად იქცა გაყალბების მთავარ სიმბოლოდ. შავი ლაქა მის სხეულზე დღეიდან დასტურია იმის რომ არჩევნების მიტაცების ოპერაციაში ის ოლიგარქის მთავარი კაპიტანი იყო. ცესკოს ოპოზიციონერი წევრის დავით კირთაძის საპროტესტო პერფორმანსი სწორედ ამ შინაარს ატარებდა. 

დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომა კი რამდენიმე წუთში, თავმჯდომარის ადგილის გასუფთავების შემდეგ განახლდა. შესვენებიდან ცესკოს თავმჯდომარე სუფთა ტანისამოსით და  თვალახვეული დაბრუნდა. რა დაემართა კალანდარიშვილს თვალზე ამ დრომდე უცნობია.  ჩვენს და ჩვენი კოლეგების გადაღებულ ფოტო და ვიდეო- მასალაში კარგად ჩანს, რომ საღებავი მას თვალში არ მოხვედრია.

რატომ აიხვია კალანდარიშვილმა თვალი ცნობილი მალევე გახდა. ცესკოს საკონფერენციო დარბაზში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 

გიორგი კალანდარიშვილმა სიმშვიდე ვერც შესვენების შემდეგ იპოვა. ის წყობიდან ოპოზიციონერი წევრების მხილებამ არაერთხელ გამოიყვანა. ცესკოს თავმჯდომარე კოლეგებს კრიტიკული აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდა და მათ მიკროფონს უთიშავდა. 

ცენზორის როლის შეთავსების გარდა, კალანდარიშვილი ოპოზიციის წევრებს დარბაზიდან გაძევებითაც ემუქრებოდა. კალანდარიშვილი განსაკუთრებით ღიზიანდებოდა იმის შეხსენებისას რომ არჩევნების ფარულობა დაცული არ იყო და შედეგები არაკონსტიტუციურია. 

შავი წერტილი უახლოეს ისტორიაში - ასე აფასებენ კალანდარიშვილის თავმჯდომარეობას ოპოზიციაში.  ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნების გაყალბებასა და კალანდარიშვილის პასუხისმგებლობაზე ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ანა კობახიძეც საუბრობს, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კალანდარიშვილმა ვადის ამოწურვამდე თითქმის 1 კვირით ადრე, ისე რომ არ გაითვალისწინა არც ოპოზიციონერი წევრების და არც ქართველი ხალხის მოთხოვნა, შემაჯამებელი ოქმი მიიღო. ცესკოს თავმჯდომარის სიჩქარეც ადასტურებს იმას, რომ უწყება მმართველ გუნდთან შეთანხმებით მოქმედებს .

დღეიდან პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პირველ სხდომას ოცნება სავარაუდოდ 26 ნოემბერს, არჩევნებიდან ზუსტად 1 თვეში ჩანიშნავს. მანამდე კი მესამე სექტორი და ოპოზიცია ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს და ცესკოს შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი