კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს გააცნეს სახალხო პარლამენტის იდეა და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
"სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება. იდეა გავაცანით პრეზიდენტს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, როგორც საქმის კურსში ხართ, პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს და თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს ეს არის გეგმა, ეს გეგმა არსებობს და ეს არის, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ ახალი არჩევნები," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები. ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას თქმით, კომენტარს ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.