"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ არის სპეც.დანიშნულების ჯგუფების გარკვეული გადაადგილებები... ვაფრთხილებ შსს-ს, არ დაარღვიონ კანონი... აქ მშვიდობიანი დემონსტრაციაა", - ამის შესახებ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს და აქციის მონაწილეებსა და შსს-ს მიმართავს.
"როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, გარკვეული გადაადგილებები სპეციალური დანიშულების ჯგუფების არის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონის შესაბამისი. მე არ ვიცი ახლა რას აპირებენ ზოგადად, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.
კანონის შესაბამისად, თუ ისინი აპირებენ ჩვენს დაშლას, ასე ვთქვათ, მათ წინასწარ უნდა ამის შესახებ მოგვაწოდონ ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვართ ყველა ერთად, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ამ ბრძოლას მივიყვანთ აუცილებლად ბოლომდე. ძალა ერთობაშია!
რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა მოქმედებაც იქნება მათი მხრიდან. მთავარია, რომ ყველანი ვიყოთ ერთად, ვიყოთ ყურადღებით და სწრაფად მოგვიწევს გარკვეული მოქმედებების განხორციელება.
ვაფრთხილებ შს სამინისტროს, არ დაარღვიონ კანონი, დაიცვან კანონი, აქ არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომლის უფლებაც ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონსტიტუცია არ აინტერესებთ, ჩვენ ვალდებული ვართ მათ შევახსენოთ რომ დაიცვან კანონი, ალბათ ყველა ვხედავთ, რომ ასეთი მშვიდობიანი ღამის პროტესტი, არც შეიძლება ამაზე მშვიდობიანი იყოს. განსაკუთრებით მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა დღეს, მადლობა თქვენ, რომ აქ ხართ. ყველანი ერთად ვდგავართ, ვაგრძელებთ აქ ყოფნას, არაფერი ჩვენს განრიგში არ იცვლება, მედგრად, ძლიერად ვართ!" - განაცხადა ვაშაძემ.