ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ. აქ ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს. ეს არის ხალხის განცხადება, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე უწყვეტ აქციაზე.
"მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ დახევა და ხელისაღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება ხალხის რისხვა თქვენ მიმართ. მოისმინეთ ხალხის ხმა, დაანებეთ პარლამენტის შეკრებაზე ცრუ საუბარს თავი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანამდე აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო, პოლიციამ უკან დაიხია.
შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.