"იმისთვის, რომ რეჟიმი შევცვალოთ და მალევე დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება, გვჭირდება სიმრავლე და მტკიცე პოზიციის დაფიქსირება თბილისის ქუჩებში" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ადეკვატურად აგრესიულად, არაძალადობრივად შევცვალოთ რეჟიმი, მალევე დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება, რაც არის მთავარი ამოცანა, ჩვენ გვჭირდება სიმრავლე, მტკიცე პოზიციის დაფიქსირება თბილისის ქუჩებში და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, - მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მლიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მიყვარხართ, ვინაიდან, ჩვენ მიზანმა გაგვაერთიანა, ჩვენი მზიანი საქართველოა. ჩვენი მიზანია ის საქართველო, სადაც თავისუფლება ფასდება და არა ის, სადაც მონური მორჩილება ფასდება და პირიქით, თავისუფლება დასჯადია. ის საქართველოა ჩვენი მზიანი, სადაც ლაღი, შემდგარი, განათლებული, რეალიზებული ადამიანების საქართველოა და არა ის საქართველო, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა, ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია. ბევრჯერ დადასტურებულა, სხვა ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების და მის წინა ხელისუფლების პირობებშიც, თბილისი გამოდის და ძალიან მტკივნეულად, ძალიან ემოციურად და ძალიან სამართლიანად რეაგირებს, როცა ფიზიკურად ძალადობს პოლიცია, ან პოლიციის მაგვარი ადამიანები, ან უბრალოდ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი. როცა თქვენ დაინახეთ, რომ ბავშვებზე, დედებზე, ქალებზე ისინი რაოდენობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფები ძალადობდნენ დილის 7:00 საათზე, რამდენი დედა, მამა, ბებია და ბაბუა გამოხვედით დღეს აქ, ჭავჭავაძის გამზირზე, ასე იქნება მომავალშიც გამარჯვება მოპოვებული! ეს იყო "მინი" პროექტი, რომელიც თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, რომ თუ ძალიან, ძალიან, ბევრი ვიქნებით, რაზეც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ხელისუფლება მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩიდან კი არ დაიხევს უკან, უკან დაიხევს ხელისუფლებიდან, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ქუჩაში, რადგან ჩვენ არ ვართ სპეცრაზმელები, გაწვრთნილი ხალხი, რომლებიც ყაზარმაში ცხოვრობენ, ავარჯიშებენ, რომ მოქალაქეებს გაუსწორდნენ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების წყურვილით ვართ ანთებული", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვებს შლიან. 

ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული, თუმცა, ხალხის რაოდენობის გამო მათ უკან დაიხიეს.

შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი