საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამმა დამოუკიდებელმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ - „სამართლიანი არჩევნები”, „ჩემი ხმა“ და საია - ბევრი დარღვევა დააფიქსირა.
ჯამურად, ორგანიზაციების 3500-ზე მეტი დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი ფართომასშტაბიანი, სისტემური დარღვევები სერიოზულ ეჭვებს აჩენს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციები მიგნებების დეტალური ანალიზს, აქვეყნებენ, რაც აჩვენებს იმ მანიპულაციებს, რითაც არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.
„სამართლიანი არჩევნების”, „ჩემი ხმის“ და საიას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას.
სამივე სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევების დიაპაზონი, მასშტაბი და თანამიმდევრულობა ამყარებს დასკვნას, რომ ეს არჩევნები მთლიანობაში გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელშეშლისა და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციის მეშვეობით.
სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება და ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად.
გაყალბების ასეთი კომპლექსური სქემების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერისა და პირდაპირი ჩართულობის გარეშე, როგორიცაა ცესკო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური." ნათქვამია განცხადებაში.