"რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში" | განვითარებული მოვლენები ვაშინგტონში პოლიტიკური განცხადებების თემა გახდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შესაძლო გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და საარჩევნო დარღვევები პოლიტიკური განცხადებების თემაა ვაშინგტონში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ და კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა ვრცლად მიმოიხილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, გაყალბების კვალი და შესაძლო რუსული გავლენა.  საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე  IRI-ის პოდკასტის მე-10 ეპიზოდში ისაუბრეს.

"ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის მხრივ უკან იხევენ და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას, როდესაც მმართველი პარტია აკონტროლებს ყველა ინსტიტუტს. ეს მოიცავს არა მხოლოდ აღმასრულებელ შტოს, არამედ ისეთ უწყებებს, როგორიცაა საარჩევნო კომისია, სასამართლო, მედიასივრცის დიდი ნაწილი. დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკური პარტია გამიჯნულები უნდა იყვნენ, ასეა აშშ-ში, საქართველოში კი ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, თუ როგორ გამოიყენება სახელმწიფოს რესურსები საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგი იქნას გატარებული. ანუ არ არსებობს არანაირი გამიჯვნა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის.

IRI-ს გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ასე რომ, ეს არ არის ძალიან ევროპული ქვეყანა და არა დაყოფილი საზოგადოება, სადაც ნახევარს რუსეთი სურს. ამ არჩევნებში კი ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის მცდელობები, რომ გამოეყენებინა სახელმწიფო რესურსის ყველა საშუალება, დაეშინებინა ამომრჩევლები, მოესყიდა ისინი, რათა მიეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ვნახეთ. ამიტომ, დიდი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ბევრი ქართველი ამბობს, რომ არა.

როგორც ჩვენ საქართველოსა და მოლდოვაში ვიხილეთ, რუსეთის ხელი იქ არის ძალიან ძლიერი და მისი გავლენა ამ ქვეყნებზე გაცილებით უფრო დაიხვეწა. ეს მოიცავს ინფორმაციულ ოპერაციებს, ასევე ოპერაციებს სოციალურ მედიაში, თვალთვალის ფორმებს. ეს არის ინსტრუმენტების მთელი კრებული, რომელსაც ავტორიტარები ახლა იყენებენ, რათა არჩევნების შედეგების მანიპულირება მოახდინონ. რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, იყო ხულიგანთა ჯგუფების დიდი აქტივობა. ამ მოდელის გამოცდა ჩვენ 10-15 წლის წინ რუსეთში ვიხილეთ. რუსეთი საინფორმაციო სივრცეს იყენებს ახლა იარაღად და პუტინმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ის პოლიტიკურ ომს აწარმოებს თავისი მეტოქეების წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ეს ვნახეთ საქართველოს არჩევნების დროს." - აცხადებს IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი.

კონგრესმენი ჯონ შიმკუსი კი ხაზს უსვამს იმას, რომ არჩევნებზე ძალიან იგრძნობოდა ერთი პარტიის ჩართულობა მთელი არჩევნების პროცესში.

"ჩემი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე ძალიან იგრძნობოდა ერთი პარტიის ჩართულობა მთელ არჩევნების პროცესში და არა ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. გარდა ამისა, საარჩევნო უბნების გარეთ იდგნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ უყურებდნენ ადამიანებს და ეს არა მხოლოდ ერთ უბანს ეხება, ეს ყველგან ხდებოდა, სადაც არ უნდა მივსულიყავით. როდესაც მე დამინახავდნენ, იშლებოდნენ და როდესაც წავიდოდი, ისევ საარჩევნო უბნის კართან ახლოს დგებოდნენ." - აღნიშნავს კონგრესმენი.

IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. აშშ და დასავლეთი დიალოგისკენ მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს და მმართველ პარტიას იქ არ უნდა ჰქონდეს დაკავებული ისეთი პოზიცია, თითქოს გაიმარჯვა და ყველაფერი მას ეკუთვნის. თავიანთივე გამოქვეყნებული შედეგებით მათ ხმების ნახევარი აიღეს და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ მათი შედეგი დაახლოებით 40% იყო. ამიტომ, ყველა პარტია უნდა დაჯდეს და რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ. მაგალითად, რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო თანამდებობები, რათა ეს არ იყოს ერთპარტიული სისტემა." - ამბობს ტვაინინგი.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი