საერთაშორისოდ არაღიარებული "ქართული ოცნება" ცდილობს, თავი აარიდოს ევროკავშირის ტექნიკურ მისიასთან თანამშრომლობას. ოლიგარქის პარტიის სათქმელი დღეს მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა და პარტნიორებს დასცინა. როგორც თავად ამბობს, ნდობით მხოლოდ ივანიშვილის პროკურატურას ენდობა, არჩევნების გაყალბების საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება კი მისთვის მიუღებელია.
"ქართული ოცნების" უარის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას უახლოეს კვირებში გამოგზავნის. ამ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ავრცელებს. თბილისში ჩამოსული დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების დარღვევებს ადგილზე შეისწავლის, ოპოზიცია კი მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის როგორ მოპარა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი.
ცივილიზებული სამყარო 26 ოქტომბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას არ აღიარებს და ლეგიტიმაციას არ ჩქარობს. სწორედ ამიტომ ყოფილი პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს 25 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის სხდომაზე დასწრებით მმართველ პარტიას სპეკულირების საშუალება არ მისცენ.
"ოცნების" რუსული პოლიტიკის საპასუხოდ ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯები უკვე გადადგა. ამ დროისთვის შეჩერებულია მთავრობის ფინანსური დახმარება,რომელიც დაახლოებით 120 მილიონი ევროს შეადგენს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით ეს რესურსი სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. დამატებით საქართველოში მისიის გამოგზავნა კი ყოფილი დიპლომატებისა და ანალიტიკოსების შეფასებით არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინაპირობა იქნება.