"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასთან ერთად საკრებულოს 3 ქალი დეპუტატი წარადგინა. მათი გამოცხადების დროს ნათელაშვილმა სექსისტური ფრაზა გამოიყენა და აღნიშნა, რომ ქალებს მხარს მხოლოდ მათი სილამაზის გამოც დაუჭერენ.
გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს გოგონას ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში - მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში - თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში - თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა დღესვე საკუთარი თავი პარტიის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.