საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი კვლავ ყირგიზეთია $1 მილიარდით | რა შეუსაბამობები აღმოაჩინა ბიზნესმედიამ

გამოქვეყნდა:

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025 300 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 468 400 000 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.4%-ით), ხოლო იმპორტი 13 556 900 000 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 4.8 %-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, 8 088 500 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.

უწყების მონაცემების თანახმად, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის 68.6% დსთ-ის ქვეყნებში განხორციელდა და მხოლოდ 8.4%  გავიდა ევროკავშირის ქვეყნებში. დანარჩენი ქვეყნების წილი კი 23.1%-ია.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047 800 000 აშშ დოლარი), ყაზახეთი (714 300 000  აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611 000 000 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 000 400 000 აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6% შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 310 500 000 აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 242 000 000 აშშ დოლარით (4.4 %).

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 13.5%-ით. ფეროშენადნობების 116.7%-ით. სპირტიანი სასმელების 57.7%-ით.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6% შეადგინა. საიმპორტო სამეულში შედის: თურქეთი (2 219 200 000 აშშ დოლარი), აშშ (1 596 200 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481 300 000 აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 718 000 000 აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 090 500 000 აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 513 100 000 აშშ დოლარით (იმპორტის 3.8%).

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 4.3%-ით, ნავთობი და ნავთობპროდუქტების გაზრდილია 17.5%-ით, სამკურნალო  საშუალებები დაფასოებული  15%-ით.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 636.000 000 აშშ დოლარი), რუსეთი (2 061 500 000 აშშ დოლარი) და აშშ (1 728 300 000 აშშ დოლარი).

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფება: ფეროშენადნობი 141 684 700 აშშ დოლარის, მაისურები და  სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი  58 861 900 აშშ დოლარის, ელექტროენერგია 40 147 700 აშშ დოლარის. თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 140 743 500 აშშ დოლარის.  შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები 60 771 100 აშშ დოლარის.  ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58 914 100 აშშ დოლარის.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები 161 216 500 აშშ დოლარის, სპირტიანი სასმელები 128 833 900 აშშ დოლარის, მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე 68 149 700 აშშ დოლარის. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ნავთობი და ნავთობპროდუქტები 438 229 100 აშშ დოლარის, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებ 122 063 300 აშშ დოლარის,  წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე 82 477 300 აშშ დოლარის.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები 90 293 500 აშშ დოლარის, საფრენი აპარატების ნაწილები 6 641 000 აშშ დოლარის, ყურძნის ნატურალური ღვინოები 6 369 100 აშშ დოლარის, მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან 5 919 800 აშშ დოლარის. აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: მსუბუქი ავტომობილები 1 455 637 300 აშშ დოლარის, თხილი და სხვა კაკალი 19 823 400 აშშ დოლარის, შინაური ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები 7 883 600 აშშ დოლარის.

საქართველოსა და ყირგიზეთის სავაჭრო ურთიერთობაში რამდენიმე საინტერესო მიგნება გააკეთა BM.GE-მ.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს, რომლის ექსპორტმაც 964 მილიონ დოლარს მიაღწია. თავის მხრივ, ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს.

ასევე სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით $53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გაიგზავნა. BMG-იმ შეამოწმა ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი, რომლის მიხედვითაც მათ თამბაქოს ნაწარმი წელს შეიძინეს 34 ქვეყნიდან, თუმცა მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს და ამ მხრივ იმპორტი 0 დოლარია. ამასთან, ყირგიზეთის თამბაქოს მთლიანი იმპორტი იყო $50.6 მილიონი დოლარი, რაც მხოლოდ საქართველოდან გაგზავნილ $53 მილიონ დოლარზე ნაკლებია.

BM.GE-ისთვის გაგზავნილ წერილში სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსხვავებას მხოლოდ სხვადასხვა მეთოდოლოგიებით ხსნის და აცხადებს, რომ ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არ არის რელევანტური.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი