სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მარში მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად | მსვლელობა ილიაუნიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად დღეს რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებულ აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები უერთდებიან. ერთობლივი მარში 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება.

"დღევანდელი მარშის მიზანია, რომ აკადემიურმა საზოგადოებამ გამოხატოს პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციას. ეს ტენდენცია ძალიან მძაფრად აისახება აკადემიურ საზოგადოებაზე.

სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დღეს ამ მარშს ვატარებთ ერთად იმიტომ რომ გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს,"- აცხადებს უმაღლესი განათლების მკვლევარი ქეთი ცოტნიაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ფიფია ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული სტუდენტები.

"აკადემიური სივრცე თავისუფალი უნდა იყოს წნეხისგან, პოლიტიკისგან ვერ გავთავისუფლდებით, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილი ვართ. ძალიან სენსიტიურია, რომ გათავისუფლდნენ ის სტუდენტები, რომლებიც არიან დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. უსამართლობა არ შეიძლება იყოს ყოველდღიურობა და არ შეიძლება იყოს გამარჯვებულის მხარეს," - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

სტუდენტების თქმით, არალეგიტიმურ რეჟიმს ყველაზე მეტად სტუდენტების ეშინია, რადგან მათი ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმის. როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანაში ცვლილებებს სწორედ ის ერთობა მოიტანს, რომელიც ევროპული მომავლისთვის მებრძოლ საზოგადოებაში არსებობს.

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი