"ატლანტიკური საბჭო": საქართველოს მიტოვება კრემლთან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მიტოვება კრემლთან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, - ამ სათაური სტატიას ამერიკულ კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო" აქვეყნებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ჩატარებულმა სადავო არჩევნებმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე შეუქმნა.

"საქართველოს 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანა დემოკრატიულ კრიზისში ჩააგდო, რამაც საფრთხე შეუქმნა მის გაწევრიანების პროცესს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ გზას. კრიზისის მიზეზი არის საარჩევნო მანიპულირებისა და რუსეთის ჩარევის აშკარა მტკიცებულებები, ისევე როგორც მმართველი პარტიის სურვილი, გააძლიეროს საკუთარი ძალაუფლება.

საქართველოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც დემოკრატიის დაცვის სხვა ინსტიტუციური მექანიზმების გარეშე დარჩა, წამოიწყო არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა. ქვეყანა ახლა თავისი თანამედროვე ისტორიის გადამწყვეტ გზაჯვარედინზე დგას, ამჟამინდელი დაპირისპირების შედეგს გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც საქართველოს საზღვრებს მიღმა აირეკლება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობამ ქვეყანა შეძრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევისა და სისტემური არჩევნების მანიპულირების მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია სულ უფრო იხრება ავტორიტარული სისტემისკენ.

ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერები მმართველ პარტიას ადანაშაულებენ ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ნარატივების იარაღად გამოყენებაში, რათა საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ. ამ ნარატივის ნაწილია, რომ ქვეყნის ოპოზიცია, დასავლეთის ხელმძღვანელობით, არის „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი, რომელიც, ვითომდა, რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობს.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 26 ოქტომბრის მოვლენები საქართველოში ნაკლებად იყო არჩევნები და უფრო მეტად წარმოადგენდა პერფორმანსს, რომლის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნება იყო. დამოუკიდებელმა ეგზიტპოლმა გამოავლინა, რომ პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა გადამწყვეტი უმრავლესობა მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი გამარჯვება გამოაცხადა.

საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშები ავლენს შემაშფოთებელ რეალობას, მათ შორის ფართოდ გავრცელებულ მტკიცებულებებს აშკარა დარღვევების შესახებ, როგორიცაა ამომრჩეველთა აქტივობის ცვლილება და სტატისტიკური ანომალიები. უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობისა და დაშინების მრავალი მაგალითი იყო", - წერია სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება ავტორიტარულ რეჟიმს.

"საქართველოში განვითარებული მოვლენები გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია მიმდებარე რეგიონისთვის. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის როგორც კრიტიკული ენერგეტიკული სატრანზიტო კვანძი, ასევე დემოკრატიის გამძლეობის პოტენციური მოდელი რეგიონში, სადაც ავტოკრატიები და იმპერიები დიდი ხანია იბრძვიან დომინირებისთვის.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება ავტორიტარულ რეჟიმს. ეს მოიცავს ჩინური ფირმებისთვის უპირატესობის მინიჭებას ამერიკულ კომპანიებთან შედარებით ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ისევე როგორც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობას.

საქართველოს ავტორიტართა ხელში ჩავარდნის დაშვება სახიფათო სიგნალი იქნება, რომ დემოკრატიულ ღირებულებების დათმობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შესაძლებელია. აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. სასწორზე დგას დასავლეთის სანდოობა უფრო ფართო რეგიონში. საქართველო უერთდება დასავლეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, როგორიცაა შავი ზღვის რეგიონში ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენის გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს გაერთიანებულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენეს, რომ მზად არიან სათავეში ჩაუდგნენ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და აქციონ საქართველო დასავლეთის სანდო მოკავშირედ. თუმცა, ამის მიღწევა მოითხოვს კოორდინირებულ ქმედებას ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ლონდონის მხრიდან.

პირველ რიგში, საჭიროა ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ. მხოლოდ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელსაც დამოუკიდებელი აქტორები აკონტროლებენ, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს დემოკრატიის სანდოობის აღდგენასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის წინსვლაში.

მეორე, დასავლეთმა უნდა დააწესოს ინდივიდუალური სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ ხელშემწყობებზე დემოკრატიის შელახვისა და რუსეთის ინტერესების გატარებისთვის. ეს სანქციები იქნება მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარდაჭერა აქვს", - წერია სტატიაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი