ოლიგარქის გუნდის მზადება მთავრობის დასამტკიცებლად | საკომიტეტო მოსმენები თვითგამოცხადებულ პარლამენტში

გამოქვეყნდა:

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ორ დღეში ჩაიბარებს. კომიტეტზე თქვა რომ მისი მუშაობის გამორჩეული პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება იქნება. რა იგულისხმება ამ განაცხადში და როგორ აღდგება სტრატეგიულ პარტნიორებთან თითქმის გაყინული ურთიერთობები, ამაზე არ გვპასუხობს. არადა მაკა ბოჭორიშვილს ოლიგარქის პარტია ქვეყნის პირველი დიპლომატის თანამდებობას იმ დროს აბარებს, როდესაც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი უთხრა. ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ევროკავშირში ბევრს საუბრობენ უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე, ამერიკის შეერთებული შტატები კი რეჟიმის მსახურებს პერიოდულად ასანქცირებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატისგან იმის მოსმენაც გვსურდა, რას ფიქრობს ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მოგონილ გლობალური ომის პარტიასა და მის გავლენაზე ქვეყანაში. მაკა ბოჭორიშვილმა კითხვების ეს ნაწილიც უპასუხოდ დატოვა. 

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გარდა, ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში დღეს ოლიგარქის დეპუტატებმა ძალოვანი უწყების მინისტრობის კანდიდატებსაც მოუსმინეს. საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩენილებმა ერთმანეთს მხოლოდ მადლობები უხადეს და საქები სიტყვები არ დაიშურეს. ვახტანგ გომელაურს კრიტიკული კითხვებზე პასუხის გაცემა მედიასთან მოუწია. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალი გადამეტებას ვერ ხედავს და მშვიდობიან მომიტინგეებს აქეთ ემუქრება. ამბობს, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გვქონდეს იმის გამოც, თუ რატომ სცემეს პოლიციელებმა და რატომ დააკავეს უკანონოდ "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელსაც ნეკნი აქვს გატეხილი.  

ოლიგარქის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა  ირაკლი კობახიძემ თვითაღიარებულ პარლამენტს მინისტრობის 12 კანდიდატი წარუდგინა. 12-დან 3 - საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობისთვის კადრები პარლამენტიდან გადაიყვანეს, დანარჩენი 9  კანდიდატი მთავრობის ძველი შემადგენლობიდანაა. ოპოზიციისთვის არც პარლამენტს და არც მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს. ამიტომ ვინ რა პოსტს დაიკავებს რეჟიმის მიტაცებულ ხელისუფლებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

ოლიგარქის ერთპარტიული პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მეორე ნაწილს ხვალ კომიტეტებზე მოუსმენენ. თვითაღიარებული პარლამენტი მთავრობის ახალ შემდგენლობას ხუთშაბათს, 26 ნოემბერს დაამტკიცებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი