განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ამ სიტყვებით დაიწყო განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა მიხეილ ყაველაშვილმა და აღნიშნა, რომ "საამაყოა, რომ ქვეყნის დაცვა მასთან ერთად უწევს".
"გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო მთავარი დოკუმენტი- საქართველოს კონსტიტუცია" ამბობს ყაველაშვილი.
ყაველაშვილმა მთავარ მისიად პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში "დაბრუნება" დაისახა და დაგვპირდა, რომ "ყველაფერს გააკეთებს ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის".
„ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, - თქვა ყაველაშვილმა წარდგენის შემდეგ.
შეგახსენებთ, ოლიგარქმა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.