უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნებიც დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა "მთავარ არხთან განაცხადა"
"უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნებიც დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე. აქ, ბრიუსელში, ყველა ასე ფიქრობს, გაიარეთ და ჰკითხეთ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უღალატა თავის პირობას, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს შეასრულებდა. ევროკავშირი არ გაიზიარებს "ქართული ოცნების" სტანდარტებს. არასდროს. ჩვენს კავშირს ბევრი რამ გამოუვლია, ომებიც მათ შორის და ახლა ჩვენ გვინდა, რომ სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვროთ. თუ თქვენც გინდათ, შემოგვიერთდით, მაგრამ ჩვენ არ შევუერთდებით პრორუსული ქვეყნების ფრთას. ასე რომ, ევროპარლამენტი ძალიან ძლიერ სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს, საზოგადოებას. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმურობას, ესე იგი ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ხალხი, ვინც გააყალბა არჩევნები და ქვეყანა სულ სხვაგან მიჰყავს. ამიტომ, ეს ხალხი უნდა იქნას სანქცირებული და ჩვენი რეზოლუცია პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა განვიხილოთ კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ ვიმოქმედოთ, რადგან, თუ არ ვიმოქმედეთ, ჩვენ არსებულ სიტუაციას ვუჭერთ მხარს, რაც არის გზა არსაით. ასე რომ, სიტუაცია მოითხოვს ქმედებებს და პასუხისმგებლობიან რეაქციას", - განაცხადა აუსტრევიჩუსი.
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის კი მიიჩნევს, რომ ქართველებს არ დაუმსახურებიათ მათი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის შეჩერება და მოქმედი მთავრობა ვალდებულია, რომ ხალხის მისწრაფებებს პატივი სცეს.
"ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს სკანდალური პროცესი არჩევნებამდე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც აუცილებელია, რომ არსებობდეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში. ნაცვლად ამისა ჩვენ ვიხილეთ პროცესი, რომელიც ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ იქნა ეს ყველაფერი გაკეთებული და არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები იმისა, თუ რა მოხდა. მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია ჩართულობის შენარჩუნება და იმ ხალხისგან, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, მოთხოვნა, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. თუ ეს ტექნიკური მისია შედგა, ეს სახელწოდება, ტექნიკური მისია, ჩემთვის ოდნავ შეცდომაში შემყვანია, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი იმის გადამოწმებაზე, რაც ოდირმა დაადგინა, არამედ იმაზე, რომ გვქონდეს ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს მისია იქნება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკურიც. ქართველებს არ დაუმსახურებიათ მათი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის შეჩერება და მოქმედი მთავრობა ვალდებულია, რომ ხალხის მისწრაფებებს პატივი სცეს", - განაცხადა გალერმა "მთავარ არხთან".
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება, რომელსაც ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია წარმართავს.
"ის ოთხი კოალიცია, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენი თვალთახედვით, მართლად პროევროპული პარტიებია ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე. ასე რომ, მნიშვნელოვანია ყველას მოსმენა და სიმართლისა და ფაქტების დადგენა. ჩვენ გვქონდა ყოვლისმომცველი და ძალიან კარგი მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მე მიხარია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც ჩემი ჯგუფის ინიციატივა იყო, საერთოდ არ გახდა განხილვის საგანი და ყველა დათანხმდა მას. ეს არის არჩევნების ხელახლა ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის მიერ, რისთვისაც შესაძლოა უცხოეთიდან სხვადასხვა რესურსების გამოყენება. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ხალხის ნამდვილი აზრი არ ვიცით. რაც შეეხება სანქციებს, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილი ადრეც იყო ნახსენები რამდენჯერმე, მაგრამ ახლა მოხდა სხვა გვარების დამატებაც, ვინც მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში და მანიპულაციებში", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან".
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედოვნებს, რომ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტში ხვალ უყრიან კენჭს, შევა პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე.
მე გამიჩნდა შეკითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს. მე ვიკითხე, რამდენად რეალისტურია ეს, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად აღმაშფოთებელი განცხადებაა. ჩვენ ასევე განვიხილეთ დღეს რეზოლუცია, რომელსაც ჯერ საბოლოო სახე არ აქვს. ის ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა, რომ ენის მხრივ ის იქნება საკმაოდ მძაფრი და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ვერსიაში ასევე შევა ინდივიდუალური სანქციების მოთხოვნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე", - განაცხადა გრეგოროვამ "მთავარ არხთან".
ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესშია ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში ჩატარება და თუ "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ არაფრის უნდა ეშინოდეთ,
"მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ იქ იყვნენ ორგანიზაციები, რომლებსაც მე ვენდობი, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტები", რომლებშიც არასდროს შემიმჩნევია, რომ ისინი რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებულები და ისინი იტყობინებიან მასობრივი გაყალბებების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში და თუ "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ არაფრის უნდა ეშინოდეთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სანქციებზე, რათა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ყველაფერი შესაძლებელი არ არის. თუმცა, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის ხალხი, ვისაც ძალაუფლება აქვს საქართველოში, გადახედავს საკუთარ ქმედებებს და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა ხმამაღლა დააფიქსირებს საკუთარ აზრს. რადგან ეს სწორედ მათი გადასაწყვეტია და არა ჩვენი", - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ "მთავარ არხთან".
ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი აღნიშნავს, ერთპარტიული პარლამენტი, რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამისი, არ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის მინიმალურ ნორმებსაც კი.
"ამ პარლამენტის არაღიარება არის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ამის ორი მიზეზი არსებობს. თუ ჩვენ ვხედავთ მასობრივ გაყალბებებს, მაშინ ასეთი არჩევნების შედეგების აღიარება ვერ მოხდება და მეორე არის ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი, რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამისი, არ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის მინიმალურ ნორმებსაც კი. პლურალისტური დემოკრატიისთვის საჭიროა პლურალისტური პარლამენტი. მე კარგად არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკას, შესაძლოა არსებობს საფრთხე, რომ ვინმე გავა ოპოზიციური კოალიციიდან, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნების არაღიარების ხაზი შენარჩუნდება და ადრე თუ გვიან ეს გახსნის შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დღეს ფაქტი ის არის, რომ საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი და ამიტომ საჭიროა ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ, რომ სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც ქვეყანას რუსეთს უქვემდებარებს. ესენი არიან ივანიშვილი, კობახიძე და სხვები, ყველას გვარები არ ვიცი", - განაცხადა ჟალიმასმა "მთავარ არხთან".