მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნდა:

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით მთავრობის წევრებმა, მათ შორის, გიორგი გახარიამ და კახი კალაძემ, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

გარდა მთავრობის წევრებისა, გმირთა მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით თქვა, რომ მას გამარჯვებული არ ჰყავს და ეს ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც უმძიმესი ტრაგედიაა. ამასთან, გახარია ფიქრობს, რომ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რათა მომავალმა თაობამ აფხაზებთან ერთად ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, ევროპულ სახელმწიფოში იცხოვროს.

საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამბობს გახარია. 

თბილისის მერი, კახი კალაძეც იზიარებს აზრს, რომ აფხაზეთის ომს არ ჰყავს გამარჯვებული, თუმცა ჰყავს გმირები, რომელთაც პატივი უნდა მივაგოთ. 

ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, - თქვა კალაძემ. 

გმითა მემორიალთან მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანიც. მასთან ერთად იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეც.

პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ, აუცილებლად შედეგიანი იქნება, - ამბობს ახვლედიანი. 

რაც შეეხებათ ოპოზიის წარმომადგენლებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ "საქართველოს ერთიანობა, მთლიანობა, ჩვენი სოხუმის დაბრუნება - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი". 

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს აფხაზეთის ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო; მას, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი