შალვა ნათელაშვილი დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ერთ- ერთი თავდაუზოგავი მებრძოლია. ინტერვიუს ზუსტად იმ ცნობილ ეზოში გვაძლევს, სადაც ზაფხულში ქვეყნის ბედი წყდებოდა. ამ ეზოშივე გადაწყდა ის, რომ ნაძალადევის ოლქში ნათელაშვილი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა. რატომ ნაძალადევი? მაშინ როდესაც დუშეთში დაბადებული და გაზრდილი, მცხეთა - მთიანეთის რაიონში მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში 4 -ჯერ წააგო და 2- ჯერ მოიგო.
სუფრაზე არა მაგრამ, თბილისის ზღვაზე, "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლექსებს აფხაზეთიდან დევნილებს უკითხავს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ლექსებს ბავშვობიდან წერს. თემატიკა სოციალური პრობლემებია. როდესაც მიხვდა რომ კალმით ბრძოლით ბევრს ვერაფერს გახდებოდა, ჯერ სამოქალაქო აქტივისტი გახდა, ახლა კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. პოეზიას მაინც ვერ ღალატობს, დევნილებთან საუბარი უმძიმს და ამიტომაც მათ ლექსების ენით ესაუბრება. ამბობს რომ გზა აფხაზეთამდე ანაკლიის პროექტზე გადის. ნაძალადევში დაბადებულს და გაზრდილს, თავის უბანში ყვითელი, მზის ფერის და სხივების შეტანა უნდა. მისი პიარ კამპანიის მთავარი იდეა პოზიტივია. მთავარ პრობლემას განათლებაში ხედავს. უცხოეთში განათლება მიღებული ტრენერები მიყავს და არაფორმალური განათლების დანერგვას ცდილობს.
საქართველოს პარლამენტის საიტზე, ქართული ოცნების ნაძალადევის ოლქის ამჟამინდელი მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფიაში განათლების გრაფა საერთოდ არ არის.
სამაგიეროდ სავსეა მისი ბანერებით ნაძალადევის ოლქი, სადაც ის ისევ მაჟორიტარობისთვის იბრძვის.
კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ნაძალადევში თავისი ბანერები ამჯერად საქართველოს რუქის გარეშე გამოფინა.
29 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე ეს კუთხე ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. მას მერე, რაც ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოყვა, ირმა ინაშვილმა აჭარის არასწორად გაფერადება სააკაშვილსა და ბოკერიას დააბრალა.
ჩვენთან ინტერვიუზე არ მოვიდა. სამაგიეროდ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც თავად ახსნა, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენზე სალოცავად გადავიდა.
პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან მართული და საქართველოში პუტინის პოლიტიკის გამტარებელია. ისინი პროკურატურას ალიანსის დაფინანსების წყაროების გამოძიებას თხოვენ. პარლამენტში ეს პარტია ქართულმა ოცნებამ მოახვედრა. ინაშვილი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ღიად არაერთხელ დაუპირისპირდა.
პარლამენტის საიტზე განათლების გრაფაში ირმა ინაშვილს პროფესია ჟურნალისტი უწერია. პოეტია, მაგრამ განათლებით ეკონომისტი "ლელოს" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. შალვა ნათელაშვილი პროფესიით იურისტია. იურისტია ასევე, "ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად თავაძე, თუმცა ცხოვრების პირველი 30 წელი ის მსახიობი იყო და არაერთ ფილმში ითამაშა.
თავაძემ ნაძალადევის რაიონში, ოფისში ჯერ მხოლოდ დროშის დაკიდება მოასწრო. მისი პარტიის 3 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომაც თავაძე 14 დღე თვითიზოლაციაში იყო და საარჩევნო კამპანია ჩაუვარდა. ყოფილი მსახიობი, 2012 წლიდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტია. კონკრეტულ საარჩევნო გეგმაზე არ საუბრობს, ამბობს რომ საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გამოცდილება გამარჯვების შემთხვევაში ძალიან გამოადგება.
კორონავირუსი ვერ აშინებს შალვა ნათელაშვილს. ის ამომრჩევლებს აქტიურად ხვდება და მათ პრობლემებს პირადად ეცნობა.
ნათელაშვილის თქმით საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს, 30 მაჟორიტარს, ანუ 30 უკანასკნელ მოჰიკანს აირჩევს.
ავტორი: ანა ასათიანი