ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივად დაკავებული ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
საძაგლიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მათ გვარამიას ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
"რამდენიმე საათია ჩვენ ვცდილობთ ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის დადგენას, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ ომონის მხრიდან. ეს ინფორმაცია ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ელემენტარული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაინტერესებდა ამბის გაგება და ამაზეც არ გვაწვდიან ინფორმაციას.
ახლა ჩვენთვის სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა და შესაბამისად, გავემართებით იქ, გვექნება მასთან კომუნიკაცია და გავარკვევთ როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სამართლებრივ მხარეს, თუ შეიძლება რაიმე სამართალზე საერთოდ ვისაუბროთ და ეს ტერმინი რაიმე კონტექსტში გამოვიყენოთ, განსაკუთრებით აი, ამ დღეებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნა რუსულ ომონად", - ამბობს გვარამიას ადვოკატი.
დღეს, 4 დეკემბერს აგრესიული სამართალდამცველები ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გათიშულ მდგომარეობაში დააკავეს.