უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ თუ კოვიდტესტირებიდან მე-12 დღეს პაციენტს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვს, ეს ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, გაბუნიამ თქვა, რომ ახალი სტანდარტების მიხედვით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის.
შესაძლოა, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
აქვე, დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა განათლების სფეროში ასამოქმედებელი ახალი გადაწყვეტილებების შესახებ. ბაღებში მუშაობას 12 ოქტომბრიდან დაიწყებენ, 1 ოქტომბრიდან კი 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ არჩევანის უფლება, სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, თუ საკლასო ოთახში. საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებზე. ამას გარდა, სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 19 ოქტომბრიდან განაახლებენ.