ხატია დეკანოიძის პრეზენტაციაზე, სადაც ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ხატია დეკანოიძის მიღწევებზე ისაუბრა და თქვა, რომ პარლამენტის მნიშვნელოვანი წევრი იქნება დეკანოიძე.
"ხატია დეკანოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელიც შემხვედრია ცხვორებაში და როცა მეკითხებიან, თუ რამეს მივაღწიე პოლიტიკაში არის ის, რომ ასეთი ხალხი მოვიყვანე საჯარო სამსახურში, ხალხის სამსახურში და მის შემთხევაში ეს არ არის მხოლოდ ერთი ხალხის, არამედ ეს არის სამსახური საქართველოსი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის უკრაინის.
ხატია იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოს საპოლიციო აკადემიის და ჩვენი საპოლიციო რეფორმის. ხატია იყო ძალიან წარმატებული დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიღებული აქვს ძალიან მაგარი განათლება და როდესაც პრეზიდენტობის მერე, მე ჩამოვედი უკრაინაში და მათ მითხრეს, რომ სურდათ ზუსტად ისეთი პოლიცია, როგორიც გვქონდა საქართველოში, დაუფიქრებლად შევთავაზე ხატიას ჩამოყვანა. ხატია გახდა უკრაინის ეროვნული პოლიციის შემქნელი, დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი და დღეს თუ რამე საერთოდ მუშაობს უკრაინაში არის ერთადერთი პოლიცია.
50 მილიონიდან ყველა უკრაინელმა იცის ვინ არის მისი შემქმნელი - ეს არის ხატია დეკანოიძე. უნდა ვიამაყოთ ქართველებმა, რომ ასეთი თანამემამულე გვყავს, მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ვამაყობ ბოლომდე ხატიათი და მისი მიღწევებით და მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტს ძალიან გაუღიმებს ბედი, როდესაც ხატია იქნება მისი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ოფიციალური წინასაარცევნო კამპანია ხატია დეკანოიძემ ისნის სამაჟორიტარო ოლქში დღეს დაიწყო, მის წარდგენაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ნიკა მელია და ხათუნა სამნიძე.
თავად ხატია დეკანოიძემ კი, ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ გადამწყვეტია ყველა მივიდეს არჩევნებზე 31 ოქტომბერს, რათა სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს.