საპროტესტო აქციაზე დაკავებული და ნაცემი დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვრისთვის გადაიდო. საქმეს ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ნინო ენუქიძე იხილავდა.
დღევანდელ პროცესზე გოგილაშვილი მისი მისამართით, ხარებას სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, თუმცა სანქცირებულმა მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა
"უკრაინკაზე, დაკავების მომენტში მომხვდა ხელი , ტკივილი მომადგა, თუმცა გავშალე ხელები, იმის საჩვენებლად, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი და გავყევი. ჩავედით დაღმართზე, რუსთაველის გამზირზე როგორც კი შევუხვიეთ, გავცდით "ტვ პირველის" და "მთავარი არხის" კამერებს, სადაც დაიწყო უკვე ჩემი წამება. რაც მახსოვს, სახეში მომხვდა რამდენიმე ხელი, მუშტი, რამაც უკვე შოკში ჩამაგდო, პოლიციელები ამას აგრძელებდნენ მთელი ძალით, მიდიოდა ჩემი წამება, დაშინება, დაიწყეს დაშინება" თქვა გოგილაშვილმა სასამართლო პროცესზე.
დღეს სამი მოწმე გამოკითხეს. აქედან 2 შსს-ს წარმომადგენელი, ე.წ. დამკავებლები. გოგილაშვილის უფლებადამცველის თქმით, მათ სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
სასამართლოს ესწრებოდნენ 6 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები.
გოგილაშვილს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სპეცრაზმის თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, რის გამოც საჭირო გახდა სამედიცინო დახმარება. თუმცა, გოგილაშვილი საავადმყოფოში მხოლოდ 9 საათის შემდეგ გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და სახის არეში მოტეხილობები აქვს. საჭირო გახდა რამდენიმე ოპერაციის გაკეთება.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი