მძიმე კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობის პირობებში - აღნიშნულ საფრთხეზე და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
მრგვალი მაგიდა თემაზე - პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით იმართება.
შექმნილ ვითარებაში ბიზნეს სექტორი ლარის გაუფასურებას არ გამორიცხავს. ამასთან ბიზნესმენები სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს მოუწოდებენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ.
"დღეს თუ დოლარი არის 2.8 ერთ თვეში შეიძლება 4,5,6 გახდეს და ლარი დაემსგავსოს კუპონს. მის გამყარებას ეროვნული ბანკი ვეღარ შეძლებს, იმიტომ რომ ლარი პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე. იმან ვინც ბიზნესშია ეს ძალიან კარგად იცის. საზოგადოება, ვინც ბიზნესში არაა და სახელმწიფო სექტორში მუშაობს, უნდა იცოდნენ, რომ ხელფასებს იღებენ იმ გადასახადებიდან, რომელსაც ბიზნესი ვიხდით.
აქედან გამომდინარე ჯობია დაფიქრდეს საზოგადოება და დროზე მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეიძლება ქვეყანა [კრიზისიდან] გამოიყვანოს." - აღნიშნა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ.