"თუ რეჟიმი გააგრძელებს დემოკრატიის უკუსვლას, სანქციები მიადგება რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესებსაც" | კახა გოგოლაშვილი

გამოქვეყნდა:

რა ეკონომიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო ოლიგარქის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გამო - მოსალოდნელი რისკების შესახებ დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები მსჯელობენ.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ბუკა პეტრიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ბიზნესის პოზიციამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

"ვხედავთ, რომ freebusiness.ge-ზე 1500 ზე მეტი კომპანიაა, რომელიც ღიად ითხოვს ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ბიზნესის პოზიცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი, ამ ქვეყანაში რეალური კრიზისიდან გამოსავლის მიღების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას, მოქალაქეებს გარდაუვალად ელოდება ეკონომიკური სირთულეები, რომელიც მას კოლაფსამდე მიიყვანს," - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თუ დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდა სანქციები მიადგება, რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესებსაც.

"პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაწყდეს ქვეყანაში, სხვანაირად ბევრი დრო არ დარჩენია ბიზნესს, შეიძლება დაიწყოს ისეთი პროცესები, რომელიც ჩამოშლის ბიზნეს გარემოს. სანქციები ნელ-ნელა ძირს გამოუთხრის ეკონომიკას და ის არ გაჩერდება მხოლოდ თანამდებობის პირებზე. თუ რეჟიმი გააგრძელებს დემოკრატიის უკუსვლას, სანქციები მიადგება იმ ბიზნესებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეჟიმს." - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ქვეყნის იზოლაციის და არალეგიტიმური ხელისუფლების სანქცირების დამანგრეველ ეფექტს გაუსვა ხაზი პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, კრიზისის მძიმე შედეგები თანაბრად შეეხება ყველას, მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად.

"სხვადასხვა ბიზნესასოციაციები უკვე საუბრობენ იმ დამანგრეველ ეფექტზე, რომელიც მოჰყვება ქვეყნის იზოლაციას და არალეგიტიმური ხელისუფლების დასანქცირებას. ეკონომიკა ხომ არ ასხვავებს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, თუ დაიწყო ეკონომიკის ჩამოქცევა, ის თანაბრად შეეხება "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც და "ქართული ოცნებისგან" დატერორებულ საზოგადოებასაც, ამიტომ ოცნების ამომრჩეველმა რაციონალური აზროვნება უნდა შეძლოს და მიხვდეს რა ელოდება,". - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მოლოდინი აქვს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანს.

"ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ამ პროცეს აუცილებლად მოჰყვება მეტად კონკრეტული, შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილებები. ასეთი აქტი, მიმართულია ქვეყნის იზოლაციისკენ, მისი ეკონომიკური სისტემის განცალკევებისა და განმარტოებისკენ, ვინც ამ გზას ადგას მე მათ მინდა ვკითხო რას ჰპირდება ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის საკუთარსაც," - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი