მამაოები და სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში და ნანუკა ჟორჟოლიანი კანდიდატად - ISFED -ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

არაუფლებამოსილი პირების ჩართულობაზე საარჩევნო კამპანიებში, "სამართლიანი არჩევნები"  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია, როგორც საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების წინასაარჩევნო ჩართულობაზე, ასევე  საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანზე. ცალკე გამოყოფილი სასულიერო პირების აქტიურობაც წინასაარჩევნოდ:

ქუთაისი
18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების“
მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ
სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე
გამრეკელი.

წყალტუბო
19 სექტემბერს, წყალტუბოში გამართულ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის წარდგენას, ასევე, დაესწრო მეუფე იოანე.

თერჯოლა
20 სექტემბერს, თერჯოლაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის
კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის
ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო." წერია ანგარიშში.

ISFED წერს, რომ საჯარო მოხელეები და თანამდებობების პირები "ოცნების" კანდიდატებს მხარდაჭერას სამუშაო საათებში უცხადებენ და ამის მაგალითად ისანში, გამგეობის თანამშრომლის, ასევე ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, დუშეთისა და ახალციხის შემთხვევები მოჰყავს:

ისნის გამგეობის თანამშრომელმა, ხვიჩა ჩალაბაშვილმა, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა პოსტი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კახიშვილის სასარგებლოდ.

ბაღების სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა კახა კახიშვილის სააგიტაციო მასალა.

დუშეთი
10 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დუშეთის ბაღების
თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა შესახვედრად ბაღის მასწავლებლები დუშეთის კულტურის
სახლთან დაახლოვებით ნახევარი საათით ადრე გამოცხადდნენ, როდესაც ჯერ კიდევ
სამუშაო საათები იყო. დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მისვლის დავალება ბაღის
დირექტორებისგან მიიღეს, რომლებმაც თავის მხრივ ეს დავალება დუშეთის ბაღების
გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღეს.

ახალციხე
5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო
შეხვედრების დროს, როცა ის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებოდა, ასევე იმყოფებოდა ახალციხის საოლქო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ
არის დანიშნული. შეხვედრაზე მისი დასწრების ფოტო მასალა თავად ანტონ ობოლაშივლის ფეისბუქ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მალევე წაშალეს.

ახალციხის საოლქო კომისიის მდივანმა სოფო ნებაძემ „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და თავად ნაირა
სამსონიძესთან არ უსაუბრია.

ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩართულობაზე:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა ფორმით
აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება.
მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს კამპანიას სახელწოდებით
„დაავალე მიშას“. აღნიშნული ინიციატივით პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჩართულია
მიხეილ სააკაშვილი. ასევე, სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი მიმართვა
ადასტურებს მის აქტიურ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში.

ტელეწამყვანის მონაწილეობა არჩევნებში - ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონს:

23 სექტემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს
ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი
დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს
ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე
კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პოლიტიკური რეკლამის შესახებ, საარჩევნო კოდექსით
დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო
ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის
მიღების რისკიც - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში.

თავდასხმა ოპონენტებზე, აქტივისტების ცემა, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, მუქარა "მთავარი არხის" ჟურნალსტის, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის წინააღმდეგ - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც "სამართლიანი არჩევნები" რიგით მეოთხე წინასაარჩევნო მონიტორინგში აქვეყნებს.

ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობრივი კამპანია და დასაჯოს დამნაშავეები.

 ანგარიში ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი