მოსკოვი უშუქოდ დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთისგან ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ, პირობების შესრულებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

"ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური მომართვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე  ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებასთან დაკავშირებით." - განაცხადა მარია ზახაროვამ და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, აფხაზეთი შეასრულებს მოსკოვთან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ინვესტიციების საკითხზე ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით.

"აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები გულისხმობს ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს, გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის წილ ნაბიჯს გადმოდგამს დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ." - აღნიშნა ზახაროვამ.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2024 წლის ნოემბრიდან შეიზღუდა. ოკუპირებული ტერიტორია ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურჰესიდან, რომლის წარმოების მოცულობა ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო ამ პერიოდში უკიდურესადაა შემცირებული. ელექტროენერგიის კრიზისს აღრმავებს კრიპტოვალუტის მაინინგიც.

ოკუპირებულ აფხაზეთში საკანონმდებლო დონეზე რუსეთის უფლებების კიდევ უფრო გაზრდის მცდელობა მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ იყო. ზაფხულში ე.წ. აპარტამენტების კანონი , რომელიც საშუალებას აძლევდა უცხოელ ინვესტორებს (აფხაზეთის შემთხვევაში კი რუს ინვესტორებს), აეშენებინათ და დაერეგისტრირებინათ უძრავი ქონება და ნოემბერში  რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობა, რომელიც რუსულ მსხვილ ბიზნესს უამრავ პრივილეგიას უწესებდა. ორივე მცდელობას ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ნოემბერში კი ე.წ პრეზიდენტის გადადგომაც. ამ მოვლენების ფონზე რუსეთმა თითქმის მთლიანად შეუწყვიტა სოხუმს ფინანსური დახმარება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი