აზერბაიჯანმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიჰან ჰაჯიზადემა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენის ვადებზე შეზღუდვები გამკაცრდება.
"როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი დარჩენისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებიდან გამომდინარე", - თქვა ჰაჯიზადემ.
შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა - ამ ცვლილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენა, 90 დღის განმავლობაში, 1 წლის პერიოდში ერთხელ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.
დღეს, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრისას პუტინს არ უღიარებია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. მან მხოლოდ ბოდიში მოიხადა, რომ "ინციდენტი" რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.