ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ამ თემაზე მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა. დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა, - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის აზრით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ.
EMC დაზიანებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას უწევს და მათი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.