"მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას" | გახარია პია კაუმას წერილით მიმართავს

გამოქვეყნდა:

პარტია "გახარია – საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ოფიციალური წერილი მიმართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას.

როგორც გახარიას წერილშია აღნიშნული, ის მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს, რათა ვიზიტი სრულად შეესაბამებოდეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას – დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით თქვენი დაგეგმილი ვიზიტის გამო თბილისში, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში თქვენი ლიდერობა დასაფასებელია, ამ ვიზიტის დრო და კონტექსტი აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს მის შესაძლო შედეგებზე ქართველი ხალხის ბრძოლაზე სამართლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. უკვე 39 დღეა, ქართველი ხალხი განსაკუთრებული სიმტკიცითა და მედეგობით მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მართავს, რაც სამართლიანობის, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოს ევროპული გზის აღდგენას ისახავს მიზნად. ამ რთულ პერიოდში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოკავშირეებისა და მეგობრების იმგვარი მხარდაჭერა, რომელიც ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არამხოლოდ აღიარებულია, არამედ აქტიურად მხარდაჭერილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

თუმცა, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მსგავს ვიზიტებს ახლავს რისკი, რომ პროპაგანდა გამოიყენებს ლეგიტიმაციის მოჩვენებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად. უფრო მეტიც, რეჟიმი სისტემატურად უგულებელყოფს დემოკრატიულ ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მხილებულ პირებს პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად ჯილდოსა და დაწინაურებას სთავაზობს. ეს ქმედებები ადამიანის უფლებათა პრინციპების აშკარა უგულებელყოფა და ავტორიტარიზმის გაძლიერებაა. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ნებისმიერი ურთიერთობა რეჟიმთან უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ურყევ პირობებს. პირველ რიგში, აუცილებელია, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული და სასტიკად ნაცემი პოლიტიკური პატიმარი. გარდა ამისა, დიალოგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სასწრაფო აუცილებლობას, რათა ქართველ ხალხს დაუბრუნდეს დემოკრატიული მომავლის რწმენა. ამ წინაპირობების გარეშე, ნებისმიერი ურთიერთობა რეჟიმთან რისკავს მისი რეპრესიული ქმედებებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას და ავტორიტარიზმის კიდევ უფრო განმტკიცებას.

ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს, რათა ვიზიტი სრულად შეესაბამებოდეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას – დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის ხელშეწყობა მეტად დასაფასებელია, ამ ეტაპზე თქვენი ვიზიტი და ჩვენი შეხვედრა ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჩართულობა ასახავდეს ქართველი ხალხის ხმას, რომლებიც განსაკუთრებული სიმტკიცითა და სიმამაცით იცავენ თავიანთ დემოკრატიულ უფლებებსა და მისწრაფებებს. გმადლობთ ყურადღებისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხისადმი. მჯერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," – ნათქვამია წერილში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი