"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ მე აღარ ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (ocscepa) წევრი, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ oscepa-ს პრეზიდენტი პია ლისა კაუმა გეგმავს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში 8-10 იანვარს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა.
ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას, არჩევნების შემდეგ, რომელიც, ზოგადად თავისუფალი იყო, თუმცა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს არღვევდა - არც სამართლიანი იყო და არც გამჭვირვალე.
ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანს, რაც მზადებაში მყოფ ავტოკრატიის ლეგიტიმაციას მოახდენს, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.
თუ პია ლისა კაუმას ასე ძლიერად სურს ეს ვიზიტი, მან ეს პირად სტატუსში უნდა განახორციელოს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგნი იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებების.
სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიმედოვნოთ, რომ პია ლისა კაუმამ უკეთ იცის," - წერს კოლსი.