ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მესტიაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების განხილვა გაიმართა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რევაზ პაკელიანისა და ბეჟან ჭკადუას ბრალი 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბეჟან ჭკადუას ადვოკატმა სასამართლოზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის სახით 5 ათას ლაიანი გირაო შეფარდებოდა. მისი თქმით, არ არსებობს ჭკადუას ბრალის დამამტკიცებელი მასალები.
ადვოკატი თვლის, რომ მომხდარში გამოძიებამ უნდა დაადგინოს დაზარალებული ქალის როლი. უფლებადამცველი თვლის, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნარკორეალიზაციას. მისივე მტკიცებით, ჭკადუა მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და არ აპირებს მიმალვას.
"არც ყაჩაღობა დასტურდება და არც მკვლელობაში თანამონაწილეობა. პაკელიანის ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, პაკელიანი ამბობს, რომ ტელეფონო მოვთხოვე რომ ჩამეხედა და მიმეღო შესაბამისი ინფორმაცია სავარაუდო ნარკოტიკების ლოკაციასთან დაკავშირებითო. დგინდება, რომ მისაკუთრების მიზანი მობილურ ტელეფონთან ამ პიროვნებას არ გააჩნია. გააჩნია კონკრეტული ინფორმაციის მიღების სურვილი. აქ უკვე გამოირიცხა ყაჩაღური თავდასხმა. ჭკადუა მკვლელობის ადგილზე, მკვლელობის ვითარებაში არც მონაწილეობს, არც ცეცხლსასროლი იარაღი არ უკავია. სადაც ყაჩაღობა გამოირიცხა, მკვლელობაც გამოირიცხა. მაქსიმუმი რაცაა დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებში , ჭკადუას შეძლება შევედაოთ იძულება ჯგუფურად, თანამონაწილეობა, რომელიც ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას" აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტელეფონი შეიცავდა უმძიმესი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და ის თავად დაზარალებულმა გაანადგურა.
ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში პროკურორსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნა- "ტელეფონი არ მოგვცა... თავს ვიცავდი და იმიტომ ვესროლე.
მეორე ბრალდებულის - რევაზ პაკელიანის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება 100 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.
მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 25 თებერვალს ჩაინიშნა.