"ბათუმელების" ოპერატორი აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ოპერატორის, გურამ მურვანიძის ადვოკატის თქმით, მურვანიძე აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.

"ბათუმელების" ცნობით, მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

"გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, "ვინ იღებს". ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ "ბათუმელებიდან" იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი", - წერს გამოცემა.

მათი განცხადებით, ამის შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ "ბათუმელების" თანამშრომელს. თავად დგებუაძემ "TV პირველს" განუცხადა, არ იცის, ვინ არის "ბათუმელების" ოპერატორი.

"გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც. ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ", - წერს "ბათუმელები".

გურამ მურვანიძე ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

"ბათუმელების" განცხადებით, გურამ მურვანიძე მათი მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი