უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა.
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ახალ დონეზე მივედით, ეს უფრო მეტია ვიდრე სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ," - განაცხადა ზელენსკიმ.
აღნიშნული დოკუმენტი გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ითვალისწინებს კიევის შემდგომ სამხედრო დახმარებას. ასევე, 100-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების განმტკიცებისა და რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.
ეს შეთანხმება ასევე ადგენს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის პოზიციას ენერგეტიკულ სექტორში, კრიტიკული წიაღისეულის მოპოვებისა და "მწვანე" ფოლადის წარმოების სტრატეგიას.