გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის მუქარის წერილს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის მუქარის წერილს ასაჯაროებს.

ირკვევა, რომ ივანიშვილმა ბაჩიაშვილს წერილი სასამართლო განხილვის პარალელურად მისწერა და მისგან თავისუფლების სანაცვლოდ, 5000 ბიტკოინი მოითხოვა.

"ქვემოთ მოყვანილია ის წერილი რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა" - აღნიშნავს ბაჩიაშვილი და წერილს აქვეყნებს:

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; 

არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; 

თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; 
გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით.” - ნათქვამია წერილში, რომელსაც ბაჩიაშვილი ასაჯაროებს. 

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.  პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლომ დღეს დაიწყო.

პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს 2023 წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა

ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს წინაშე თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით დაზარალებულია. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი