"რაც მოხდა, არ არის საამაყო, შეურაცხყოფაზე ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, კაცები ვართ... ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში [80 ათასზე] 10-15-ჯერ უფრო ნაკლები... იქ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3- 4 ათას დოლარს, მერე გადავიხდით, რამენაირად მოვახერხებ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ დაბიში... ის, რაც მოხდა, ეს არ არის საამაყო, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე, ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ...
იქაც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები, თუ პოლიტოლოგები, რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, რაღაც 80 000 დოლარი, რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში 10-15-ჯერ უფრო ნაკლები და იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3 და 4 ათას დოლარს ჩვენ ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ. ეს იყო და ეს," - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ 80 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.