კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირებასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციელებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს.
პოლიციის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ამსახველი კადრები 2024 წლის 10 აპრილით თარიღდება. "შაბათის მთავარის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციამ მოქალაქე პეკინის გამზირზე დილის საათებში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავა. ამავე დოკუმენტებში წერია, რომ სამართალდამცავებმა ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს. ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივი თემურ ბერიაშვილი, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გამოკითხვის ოქმში ყვება :
"2024 წლის 10 აპრილს ვიმყოფებოდი სამსახურში და ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, მივიღე ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებდა პირი, რომელსაც თან ჰქონდა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება".
თემურ ბერიაშვილის გამოკითხვის ოქმს თან დართული აქვს ის ვიდეომასალა, რომელიც "შაბათის მთავარმა" მოიპოვა. პოლიციელების მიერ გადაღებულ კადრებში დაკავებული პირი და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი ჩანს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს რომ დაკავებული პირი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევს და დეტექტივები მას ზედაპირულ ჩხრეკას ადგილზე უტარებენ.
საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ ზედაპირული ჩხრეკის შემდეგ ერთი დეტექტივი, რომელიც ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს დაკავებული პირის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან მუქი ფერის ნაჭერში გახვეულ სამ ცალ მოთეთრო აბს იღებს , თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში საინტერესოა თავად დაკავებული პირის პოზიცია - მისი მტკიცებით, პოლიციელებმა ის პეკინის გამზირზე ამ ვიდეო კადრების გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააჩერეს და სწორედ მაშინ ჩაუდეს მოგვიანებით ამოღებული ნარკოტიკი.
ამ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, ისინი რომლებმაც მოქალაქე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. ადგილზე სადაც მოქალაქე აიყვანეს სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია არავის აქვს.
დეტექტივები - ცოტნე ირემაშვილი, გიორგი კოღუაშვილი, ნიკა ხოტივრიშვილი, სწორედ ის პირები არიან, რომლებიც პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ და რომლებსაც ბრალდებული ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს.
ნარკოტიკის შეძენა- შენახვისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, ნარკოტიკის ჩადების შემდეგ არის გადაღებული და შესაბამისად რეალობას არ ასახავს.
პირი, რომელსაც ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებით სასამართლოს საბოლოო განაჩენის მოლოდინშია, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა გაუშვებს თუ არა მოსამართლე მას მრავალწლიან პატიმრობაში.