სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, პრემიერმინისტრის გადადგომიდან 30 დღეში თუ ახალი მთავრობა ვერ შედგება, ქვეყანაში შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
პრემიერ მილოშ ვუჩევის გადადგომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვუჩიჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას უახლოესი 10 დღის განმავლობაში მიიღებენ. მან უარყო ოპოზიციის მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ სერბეთის სტაბილურობა შეირყა.
"პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ პროცედურა ასეთია: ჯერ მისი გადადგომა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ იწყება 30-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ახალი მთავრობა უნდა აირჩეს. ეს თუ ვერ მოხერხდა, დაუყოვნებლივ გამოცხადდება არჩევნები...
სრულად შევასრულეთ სტუდენტების ყველა მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ იყო. გამოვყავით დიდი თანხები პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. ზოგ შემთხვევაში ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოდაც კი წავედით და თანხმობა განვაცხადეთ პირების გათავისუფლებაზე, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმე იყო აღძრული", - განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, სერბეთში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ისინი კორუფციას ასახელებენ. 27 იანვარს, სერბეთში გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი, 24 საათით გადაკეტეს.
უკვე 28 იანვარს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ განაცხადა.