"ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს, დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად" | ლორდი დონ ტუიგი

გამოქვეყნდა:

ლორდთა პალატის წევრი, ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბრიტანეთმა ოლიგარქზე ზეწოლა უნდა მოახდინოს.

როგორც ლორდ დონ ტუიგი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, "ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას".

 

"ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ - ბატონ ივანიშვილს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ.

მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ - ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია - ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ.

ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. აქ, PACE-ში დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ - და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი", - თქვა ლორდთა პალატის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 იანვარს ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და განსაზღვრულია "ქართული ოცნების" დელეგაციის ცნობისთვის კონკრეტული დათქმები.

გარდა ამისა, რეზოლუციით მოთხოვნილია, "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტოს ძალის გამოყენება მანიფესტანტების მიმართ; შეწყვიტოს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მანიფესტანტების და აქტივისტების/ჟურნალისტების წინააღმდეგ; დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსული კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები და სხვა დრაკონული კანონები.

ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. 

რაც შეეხება ივანიშვილის ქონებას, სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებლის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, 27 იანვარს ოლიგარქ ივანიშვილის ცოლმა ეკატერინე ხვედელიძემ კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო - კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გაავრცელა და აღნიშნა, რომ 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ივანიშვილმა, მისმა ცოლმა და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს. ესენია: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი