"მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, მიჰყვეს აშშ-ის მაგალითს და ფორმალურად შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან" | ჯეიმს მაკკლერი და ჯო უილსონი ივანიშვილის სანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლერი და ამერიკელი სენატორი ჯო უილსონი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დევიდ ლემის ერთობლივი წერილით მიმართავენ და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯო უილსონი X-ზე წერს და ბრიტანეთის პარლამენტის წევრ ჯეიმს მაკლერს მადლობას უხდის.

"მადლობელი ვარ, რომ შემოგვიერთდა ჯეიმს მაკკლერი, რომელმაც წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები კრიტიკულია, რადგან ივანიშვილმა თავისი მოპარული სიმდიდრის დიდი ნაწილი იქ შეინახა."- წერს ჯო უილსონი.

წერილის ტექსტი

 

"ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო,

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისგან მომავალ გამოწვევას სჭირდება ერთიანი, ტრანსატლანტიკური და ზეპარტიული პასუხი.

ჩვენ მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და დაუწესოთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს.

შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის დეკემბერში დაუწესა; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ახლა მას დიდმა ბრიტანეთმაც უნდა მიბაძოს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ "ქართული ოცნებამ" მთელ ქვეყანას ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები და ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ. ბრიტანულ სანქციებს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა, რადგან ივანიშვილი და მისი მოკავშირეები ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს ბრიტანეთში ბაზირებულ კომპანიებში. გარდა ამისა, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული რუპორი, ტელეკომპანია "იმედი", იმართება დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, რაც უბრალოდ მიუღებელია.

ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, მიჰყვეს შეერთებული შტატების მაგალითს და ფორმალურად შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. მსოფლიო ახლა უყურებს გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე და რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში - როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც აღინიშნა ოპოზიციური ხმების ძალადობრივი ჩახშობითა და ჟურნალისტების დევნით, არ შეიძლება იქნას იგნორირებული. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი აუცილებელია. მხოლოდ ასეთი მტკიცე ნაბიჯებით შევძლებთ დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები."- ნათქვამია წერილში.

ჯეიმს მაკკლერი არის ბრიტანელი პოლიტიკოსი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში 2024 წლიდან წარმოადგენს ლუისის ოლქს.
 

იხილეთ ასევე


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი