ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირადად შემოუძღვა ოკუპანტს, ჩვენ გვსაყვედურობდეს ბორდერიზაციაზე - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.
”ცინიზმის მწვერვალია, როცა პოლიტიკური ძალა, ვინც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ოფიციალურად დააბრალა ომის დაწყება, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში”, - თქვა ივანიშვილმა
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ოკუპაციის პირობებშიც კი, პრაგმატული პოლიტიკის წყალობით, ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა აქაც არაა თანხვედრაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - თქვა მან.
შეგახსენებთ, 2013 წელს, ბორდერიზაციის პიკის პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, მცოცავ ოკუპაციასთან და ბორდერიზაციასთან დაკავშიორებულ შეკითხვაზე თქვა, რომ არ სჯერა, რუსეთს სხვა ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება აინტერესებდეს.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზევე ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაობასა და წარსულზე საუბარს 10 წუთზე მეტი დაუთმო.